ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ ნესტან კირთაძეს საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო გადაადგილება ხუმრობის ხასიათზე აყენებს.
"როგორ წარმოუდგენია ამ ხელისუფლებას განათლება და ქვეყნის მომავალი ეს კარგად გამოჩნდა. განათლების მინისტრი, რა თქმა უნდა, განათლებული და მეცნიერი ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ გვარამიას განცხადება, რომ ის უცხოეთში ერთ-ერთ ინსტიტუტში აპირებს სწავლას, ფარსია. როცა უცხოეთში სასწავლებლად ემზადები, შენთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი რომელ ქვეყანაში მიდიხარ, რომელ უნივერსიტეტში და რამდენი ხნით, რადგან ამისთვის რამდენიმეთვიანი თუ არა ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოა საჭირო", - განუცხადა კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველოს განათლების მინისტრი სასწავლებლად მიდის "იაფფასიანი ანეკდოტების ჟანს მიეკუთვნება".
"ისიც ფაქტია, რომ, ბატონი შაშკინი არ იყო თავიდან ბოლომდე საპატიმროებისთვის და სასჯელაღსრულების ინსტიტუციისთვის განწირული, მაგრამ არც განათლების მინისტრად წასაწვლელად რომ არ იყო მზად ესეც ფაქტია. ჩანდა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება", - განმარტავს კირთაძე.
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს მთავრობაში გუშინ განხორციელებული საკადრო გადაადგილება "მიხეილ სააკაშვილის მიერ მარცხენა ფეხზე ადგომით იყო განპირობებული".
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების უწყებას ახალი მინისტრი ჰყავს. ამ პოსტზე ნიკა გვარამია დიმიტრი შაშკინმა შეცვალა, თავად განათლების უკვე ყოფილი მინისტრი კი, მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობა და უცხოეთში აპირებს სასწავლებლად წასვლას.