ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა გააკეთა.
როგორც ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ, ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიზიტები არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
"ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ქეთრინ ეშტონის განცხადებას მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი ცხინვალსა და აფხაზეთში ვიზიტით 25-26 აპრილს იმყოფებოდა.