ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი საგნის - "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების" შემოღებამდე, პედაგოგები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებლების შესაბამის გადამზადებას პოლიციის აკადემია განახორციელებს.
მინისტრის განმარტებით, ზაფხულში დაიბეჭდება სპეციალური სახელმძღვანელობის და დამხმარე ლიტერატურა რომელიც მოსწავლეებს მოძრაობის წესების შესწავლას გაუადვილებს.
"უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს თანამშრომელ-ინსპექტორებითა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ზაფხულის განმავლობაში მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელოები და ლიტერატურა, რომელიც სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გადაეგზავნება", - განმარტა შაშკინმა.
მისივე შეფასებით, პროექტი, რომელიც სკოლებში მოძრაობის წესების შესწავლას სავალდებულო საგნის სახით ითვალისწინებს, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდებისთვის სერიოზული საჩუქარია, არამედ ის ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრსისით.
დიმიტრი შაშკინის თქმით, მოსწავლეები აღნიშნულთან დაკავშირებით არა მხოლოდ თეორიულ სწავლებას გაივლიან, არამედ მათ პრაქტიკული ცოდნაც მოეთხოვებათ, რის გამოც, მათ ავტო სკოლებში მოუწევთ სიარული.
"ბუნებრივია, ყველა სკოლას ავტომანქანებით ჩვენ ვერ მოვამარაგებთ. ამისთვის საქართველოში სპეციალური სკოლების ფართო ქსელი არსებობს", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებ, რომ განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე მომზადებული კანონპროექტისკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების სავალდებულო საგნად დანერგვას ითვალისწინებს. მისი მიხედვით, მართვის მოწმობის აღება 18 წლის ნაცვლად, 17 წლიდან იქნება შესაძლებელი.
მოსწავლეები, რომლების სკოლაში შესაბამის სწავლებას გაივლიან და ჩათვლასაც მიიღებენ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდაზე უფასოდ გავლენ და მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოწმობასაც უფასოდ მიიღებენ. ინიციატივა 17 წელს ზემოთ მოსწავლეებისთვის მართვის მოწმობის გაცემისას გარკვეულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მათ შორისაა ის, რომ ახალგაზრდაზე მართვის მოწმობის გაცემა მოხდება მხოლოდ მშობლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის საფუძველზე, რომ ის ენდობა საკუთარ შვილს. ამასთან შეზღუდვა იქნება ის, რომ მოსწავლეს, რომელიც ე.წ. დროებით მართვის მოწმობას მიიღებს (რადგან როგორც კი ის 18 წლის გახდება ყოველგვარი ახალი გამოცდების გარეშე ავტომატურად შეიცვლება და მიიღებს საერთაშორისოდ აღიარებულ მართვის მოწმობას) არ ექნება უფლება იმუშაოს ამ საქმიანობით, როგორც პროფესიონალმა და აწარმოოს მგზავრთა გადაყვანა. გარდა ამისა, ერთი და იგივე ჯარიმის გამეორების შემთხვევაში, მას ერთი წლის ვადით ჩამოერთმევა მოწმობა, სიმთვრალის, ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი 18 თვიანი აკრძალვით ისარგებლებს.
ინიციატივა ცვლილებებს "ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში" ითვალისწინებს.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად ხვალ გადაეგზავნება. ვინაიდან კერძო სკოლებიც "ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით" ხელმძღვანელობენ, ახალი საგანი საჯარო სკოლების გარდა, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც დაინერგება.