შიდა ქართლში მცხოვრებმა დევნილებმა სამინისტროს დახმარებით ხურვალეთში ხვნა-თესვა დაიწყეს. აღნიშნულ ჩასახლებაში დევნილებისთვის 35 ჰექტრამდე მიწა დამუშავდა და ჰიბრიდული სიმინდი დაითესა. მიწის დამუშავებას მინისტრი კობა სუბელიანი და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურა არსოშვილი დაესწრო.
ხურვალეთში დევნილი 139 ოჯახი ცხოვრობს. თითო ოჯახის საკუთრებაშია ნახევარი ჰექტარი მიწა, რომლის ნაწილზე სიმინდს მოიყვანენ, დანარჩენ ნაწილზე კი სხვა მოსავალს. ანალოგიური სამუშაოები როგორც შიდა ქართლში, ისე სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
როგორც დევნილებმა აღნიშნეს, შარშან მოსავალმა გაამართლა და წელს უკეთეს მოსავალს ელიან. ჯემალ მახნიაშვილი, დევნილი: „მთავრობის დახმარებით მიწა შარშანაც დავამუშავე და სიმინდი დავთესე. ვინც არ დაიზარა, ხელი გაანძრია და ცოტა იშრომა, ყველამ კარგი მოსავალი მიიღო. ვინც არაფერი გააკეთა 3-5 ტომარა სიმინდი აიღო. შარშან, მე 100 ტომარა სიმინდი ავიღე. ხელშეწყობა წელსაც გვაქს. ხედავთ, რომ მიწას გვიმუშავებენ, შრომა არ გვეზარება და უკეთეს მოსავალს ველოდებით."
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნოიშნა, რომ ანალოგიური დახმარება სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება: „შიდა ქართლში, მთლიანად, 300 ჰექტარი მიწა დავამუშავეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დევნილი მოსახლეობა სხვის დახმარებაზე არ იქნება დამოკიდებული და საკუთარი შემოსავალი ექნება. მარტო საცხოვრებელი საკმარისი არ არის, ჭარბ შემოსავალს რეალიზაციასაც გაუკეთებენ და თანხაც გაუჩნდებათ. დევნილი მოსახლეობა ისევე ცხოვრობს, როგორც ადგილობრივი მოსახლე. ასე, ნელ-ნელა ოჯახები ეკონომიურად ძლიერდებიან."