საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი მოიცავს 1881-1918 წლების 582 შესანახ ერთეულს. საეკლესიო სამზრუნველო დაარსდა 1881 წლის 9 იანვარს და ლიკვიდირებული იქნა 1918 წლის 5 აგვისტოს.
ფონდში ინახება მასალები მღვდელმსახურთა მამულებსა და ქვრივ-ობლებისათვის მეურვეობის დაწესებაზე, მღვდელმსახურთა მიერ სამზრუნველოსთვის ფულად შემოწირულობებზე, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში განსაკუთრებული სასულიერო სამზრუნველოს დაარსებაზე; ასევე, დაცულია შემოსავალ-გასავლის ანგარიშები, დოკუმენტები იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მიერ სამზრუნველოს თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ, ნებართვები სხვადასხვა პირზე მათი მამულების გაყიდვის შესახებ, თხოვნები დახმარების მიღებაზე, გარდაცვლილი მღვდლების დარჩენილი ქონების აღწერები, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მიერ გაცემული ინფორმაცია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალზე.
ფონდს საქმეების მიხედვით აქვს დართული პირთა ალფავიტური საძიებელი, რაც დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.