2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ 25 314 პირს მიენიჭა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივა, რომლის განხორციელებაც 2004 წლიდან დაიწყო და მსურველი მხოლოდ 4 პირი იყო. 2005 წლიდან 2007 წლამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და 2006 წელს პრეზიდენტმა 1900 ადამიანს და 2007 წელს 5 786-ს მიანიჭა.
გაბრიელაშვილის თქმით, მოქალაქეობის მინიჭების მსრველთა რაოდენობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო 2008-09 წლებში შემცირდა, თუმცა 2010 წლიდან ზრდის ტენდენცია შესამჩნევი გახდა.
"მხოლოდ 2011 წლის სამი თავის მონაცემებით მათი რაოდენობა 2 078 შეადგინა. 2004-11 წლების მონაცემებით კი საქართველოს მოქალაქეობა სულ 25 314 ადამიანს მიენიჭა" - აღნიშნა გაბრიელაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე მოდის, რომლებიც საქართველოდან 80-90 წლებში გავიდნენ საქართველოდან და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, შესაბამისად კანონმდებლობით მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.
2009 წლისათვის შემდეგებით კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ: რუსეთი - 3 346, ისრაელი - 99, უკრაინა - 60, საბერძნეთი - 46, აშშ - 45, ირანი - 40 და ყაზახეთი - 24 მოქალაქე. 2010 წლისათვის კი ამ ქვეყნების ნუსხა ასეთია: რუსეთი - 5 040, ისრაელი - 142, აშშ - 89, საბერძნეთი - 79, ირანი - 65, სომხეთი - 56 და უკრაინა - 50 პირი.