წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთმანეთს ემთხვევა. უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია, როცა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა ერთად უწევთ.
სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე გოლგოთაზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის.
თუმცა მესამე დღეს, კვირას მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა და "სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა." უფლის ჯვარცმასა და აღდგომას ადამიანების პირველქმნილი ცოდვისგან დახსნა უკავშირდება.
ადამიანთათვის სამოთხის ბჭე მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო. აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც დიდ შაბათს აღესრულება. ამ სასწაულის მოწმე ყოველწლიურად ასობით ათასობით მომლოცველი ხდება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმის პატრიარქის კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო) ლოცვის დროს ხდება. ცეცხლი მთელს ტაძარში მომენტალურად ვრცელდება.
აღდგომის დღესასწაული გრიგორიანული და იულიუსის კალენდრების მიხედვით ერთმანეთს ძალიან იშვიათად ემთხვევა. აღდგომის დღესასწაულს კათოლიკე და მართმადიდებელი ქრისტიანები ერთ დღეს იზეიმებენ ასევე 2014 და 2017 წლებში.