საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თბილისში ვიზიტით მყოფ ეკვადორის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ეკვადორს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი თემატიკა, მათ შორის მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოში დაგეგმილ ეკვადორის კულტურის დღეებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრისას მხარეებმა დააფიქსირეს სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს დიპლომატიური ურთიერთობები და პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი თანამშრომლობა.
საქართველოში ეკვადორის ოფიციალური პირების ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეწვევიან მცხეთას, სიღნაღსა და სვანეთს, მოინახულებენ საქართველოს კულტურულ ძეგლებს და იმ ობიექტებსა და დაწესებულებებს, რომლებშიც ეკვადორული ხელოვნების წარმოდგენები გაიმართება.
დელეგაციის შემადგენლობაში ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კომერციისა და ინტეგრაციის სამინისტროში კულტურის საკითხებში პრეზიდენტის კოორდინატორი მარია მერსედეს გევარასა და ეკვადორის კულტურის სამინისტროში კულტურის საკითხებში პრეზიდენტის კოორდინატორი ლუის დარიო ალბუხას შედიან.