ოპოზიციური "რვიანის" წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს თბილისის ოფისში გაიმართა, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ელჩებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ის წინადადებები გააცნეს, რომელსაც მმართველი გუნდი არ იზიარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რვიანში" შემავალი კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ეს ის ძალაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" შეუძლია აიძულოს დათმობებზე წავიდეს.
"ჩვენ არა მხოლოდ ამის იმედი გვაქვს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა რეალურად ახდენს კიდეც ზეწოლას ხელისუფლებაზე. ასე რომ, "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს წავიდეს სერიოზულ დათმობებზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები გაითვალისწინოს", - განმარტა ძიძიგურმა.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას თავად ძიძიგური არ ესწრებოდა. მასზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი, "ახლების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე იყვნენ წარმოდგენილნი.