22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ფონდთან ,"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" (PfRS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ღონისძიებას გამართავს, რომლის მთავარი გზავნილი იქნება: „შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი!"
ღონისძიების პირველი ნაწილის ფარგლებში "ვარდების რევოლუციის მოედანზე" წარმოდგენილი იქნება თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების „მწვანე" მანქანების გამოფენა.
„სპეციალურად ამ დღისთვის საავტომობილო კომპანიების მხრიდან დაწესდება შეღავათიანი შემოთავაზებები „მწვანე"მანქანებზე, რაც გახდება სტიმული იმისა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს საწვავდამზოგავი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ეკონომიური ავტომობილები. გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სპორტული მაღაზიები და ველოკლუბის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ველოსიპედებს და საზოგადოებას აუხსნიან გადაადგილების ამ ფორმის უპირატესობებს. აქციის მიზანია, გააცნოს საზოგადოებას ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დადებითი მხარეები და პოპულარიზაცია გაუწიოს მათ", - ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი კი ევროპის სახლში გაიმართება და ის მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე კლიმატის ცვლილების პრობლემასტიკასა და მასთან ადაპტაციის გზებზე.
ღონისძიება გაიხსნება ღია ლექციით სტუდენტებისათვის, რომელსაც წაიკითხავენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.
დედამიწის დღის აღნიშვნა 19:00 საათზე, ეკოლოგიური კონცეპტუალური გამოფენით - Arts for the Earth დასრულდება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება, ფერწერა, ინსტალაციები, ვიდეო და ფოტო არტი.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.