პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების კონკურსში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული რესპუბლიკური ინტიტუტის ორგანიზებითა და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და იუსაიდის დაფინანსებით გაიმართა, ახალგაზრდა თავისუფალმა დემოკრატემა გაიმარჯვეს.
პროექტის ერთ ერთი ორგანიზატორის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კონკურსი "პოლიტიკური ქეისები" მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური განათლების ამაღლებას.
"კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. მისი მიზანი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური განათლების ამაღლება იყო. კონკურსი მათ კრიზისული პოლიტიკური სიტუაციების ადვილად გადაჭრაში დაეხმარება. გამარჯვებული გახდა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაცია. ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის სტაბილურად გამოდიან. მათ ფინალში ასევე ძლიერი, ქრისტიან-დემოკრატების გუნდი დაამარცხეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი აბაშიშვილმა.
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატებიდან, პროექტში მონაწილეობდნენ რუსა ანანიაშვილი, ალექსანდრე სახელაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
„პროექტი ძალიან საინტერესო იყო, მადლობა მინდა ვუთხრა მონაწილეებს, ექსპერტებსა და ბუნებრივია ორგანიზატორებს. რამდენიმე დაძაბული ტურის შემდეგ, გუშინ იყო ფინალი, რომელშიც ჩვენ და ქრისტიან დემოკრატები ვმონაწილეობდით, როგორც იცით თავისუფალმა დემოკრატებმა გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომელშიც მთავარია შეჯიბრობითობის პრინციპი. ეს ზრდის ახალი თაობის პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკურ კულტურასა და ოპონენტის დამარცხების, ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის ჯერ კიდევ უცხო ანუ ახალ სტანდარტს ამკვიდრებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, სულხან ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობდნენ: თავისუფალი დემოკრატების, მრეწველების, ეროვნული ფორუმის, ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის, ქართული დასის, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, სოციალ დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.