სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" 20 აპრილს, 12:00 საათზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისათვის რეკომენდაციების წარდგენას ითვალისწინებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, რეკომენდაციები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული საქართველოს მოქალაქეების ბავშვის მოქალაქეობის საკითხი; სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი და სხვა.
რეკონებდაციები მოქალაქეობის არმქონეობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 25 თებერვალს შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ანალიზი გააკეთა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა, რომლის მიზანია კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორება.
შეხვედრას დაესწრებიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები.
შეხვედრა პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში გაიმართება, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" ანხორციელებს.