რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველა პრობლემაში არარსებულ „ქართულ კვალს" დაჟინებით ეძებენ.
ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორის ვიქტორ ივანოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყნებში ნარკოტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტების მეშვეობით ხორციელდება.
"მათ ვერ მოჰყავთ ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალდებებს საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი თუ ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულობები. რეალობა კი საპირისპიროა - ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და მონაცემები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ სწორედ რუსეთი წარმოადგენს მთავარ რგოლს ნარკოტიკების მოხმარებისა და ტრანზიტის დანაშაულებრივ ჯაჭვში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წარმოადგენენ იმ „შავ ხვრელებს", სადაც საოკუპაციო ძალების მხარდაჭერითა და კონტროლით ხდება ნარკოტიკული საშუალებების დამზადება და მიწოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.