ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ გაეროს წარმომადგენლებს ქალაქ მისურატში შეშვების ნება დართო, რომელსაც ამ დროისთვის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ამ შეთანხმებას გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტის წევრებთან მოლაპარაკებისას მიაღწიეს.
თავდაპირველად მისურატში გაეროს თანამაშრომელთა მცირეოდენი ჯგუფი გაემართება, რათა იქ შექმნილი სიტუაცია შეაფასოს და ამ ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანოს. მისურატის მცხოვრებლები ყველაზე მეტად სასმელ წყალს, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს საჭიროებენ.
მისურატისთვის ბრძოლა უკვე მეშვიდე კვირაა გრძელდება. ქალაქში, რომელიც ტრიპოლიდან 210 კილომეტრში მდებარეობს, კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაცია შეიქმნა.
როგორც ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს პრეს-მდივანმა აღნიშნა, მისურატის მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სამოაქალაქო მოსახლეობის დაცვის საქმეში არ უნდა შეჩერდეს.
შეგახსენებთ, მისურატი ტრიპოლისა და ბენგაზის შემდეგ ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქია. ეს ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელზეც კონტროლის დამყარება კადაფიმ ვერ შეძლო. ქალაქის ასაღებად ბრძოლები კვლავაც გრძელდება. მთელი ამ დაპირისპირების მანძილზე ლიბიის ხელისუფლება არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ ქალაქი მის ხელთაა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დასტურდებოდა.