თბილისის მერმა გიგი უგულავამ კომპანია "დექსუსის" მიერ "დიდი დიღმის ოაზისის" მეხუთე კორპუსის დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა, რომელშიც კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართები ოცმა მომხმარებელმა მიიღო.
"დიდი დიღმის ოაზისის" მეხუთე კორპუსი მეოთხე ობიექტია, რომელიც "დექსუსმა" "ცენტრ პოინტის" მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. პროექტზე მუშაობა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეხუთე კორპუსთან ერთად, "დიდი დიღმის ოაზისში" უკვე დასრულებულდა პირველი კორპუსის მშენებლობაც და კომპანია სამშენებლო სამუშაოს კომპლექსის დარჩენილ კორპუსებში აწარმოებს.
"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, "ცენტრ პოინტის" ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. "დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაო შეჩერებული იყო. შემუშავდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% დაკმაყოფილდება.
ცენტრპოინტის რეაბილიტაციის გეგმა სტაბილურად გრძელდება და მომხმარებლების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.