ტელევიზიების სარეკლამო ჭრასთან დაკავშირებით შეზღუდვები უმცირდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 77 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს საშუალება მიეცემათ, სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, წინასაარჩევნო პროგრამებში ან დოკუმენტურ ფილმებში, რომელთა ხანგრძლივობაც 15 წუთზე მეტია, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია 30-წუთიანი შეზღუდვა.
45-წუთიანი შეზღუდვა შემცირდება 30 წუთამდე. მოქმედი რედაქციით კი იკრძალებოდა იმ მხატვრული ფილმების, ტელეფილმების ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგძლივობაც 45 წუთზე ნაკლებია.
ცვლილებების თანახმად, პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, შესაძლებელია შეწყდეს რეკლამით ან ტელეშოპინგით არა უმეტეს 3-ჯერ, მოქმედი კანონმდებლობით პროგრამის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა კი 3-ჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ მისი ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია.
საბავშო ან რელიგიური გადაცემა რეკლამით ან ტელეშოპინგით 30 წუთში ერთხელ შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გადაცემის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ტელე- ან რადიოარხზე რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს, ხოლო დღემდე მოქმედი კანონით რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს.