თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია ვაზისუბანში, 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში, დევნილების დაბრუნებას ითხოვს. სამუშიამ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად დღეს ბაგა-ბაღთან საპროტესტო აქცია გამართა.
"ეს შენობა თავის დროზე სწორედ დევნილებისთვის გარემონტდა, სადაც მათ მხოლოდ 5 თვეს იცხოვრეს. 30-მდე ოჯახი, იანვარში შუაღამისას გამოყარეს გარეთ და დღემდე ისინი ნათესავებთან აფარებენ თავს. ხელისუფლებას ავი ძაღლივით მოსდის. უკვე 4 თვეა ბაგა-ბაღი ცარიელია და იქ არავის უშვებენ. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ დაუბრუნონ დევნილებს შენობა და შეუქმნან ადამიანური საცხოვრებელი პირობები", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, დევნილთა სამინისტროს, ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ შეუთავაზებია, რაც კობა სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად კიდევ ერთი საფუძველია.