გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა ემილია კასელმა 19 აპრილს აღნიშნა, რომ დასავლეთ ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია შევიდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
კასელის თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნის გავლით, რვა სატვირთო მანქანის კოლონა დაიძრა, რომელსაც 240 ტონა სურსათი გადააქვს_ ფქვილი და მაღალკალორიული ნამცხვარი. ეს მარაგი 50 ათასი ადამიანის ერთი თვით გამოსაკვებად საკმარისია.
საკვები ტრიპოლის, ზინტანის, ეფრინის, ნალუგის, ალ-ზავიას და სხვა ქალაქებს შორის გადანაწილდება.
ამასთან, გაეროს ცნობით, ლიბიაში შიმშილის აღსაკვეთად კონფლიქტში ჩართულ ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ.