20 აპრილს, 16 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო გაიმართება. კონცერტზე აზარაშვილის ნაწარმოებებს შეასრულებენ ლელა მჭედლიძე (ვიოლინო),თეა ჯავახია (ვიოლინო), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ნინო რამინიშვილი (ფორტეპიანო), გიორგი სუხიტაშვილი (ვოკალი), სოფო გელოვანი (ვოკალი), ქ. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა".
ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. 1998-2007 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისთვის, სიმფონიური და კამერული ორკესტრებისათვის, საესტრადო სიმღერები). მის შემოქმედებით ინდივიდუალობას გულწრფელობა, გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს.
აზარაშვილმა ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: 'მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება'," დინამო, დინამო"... მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომღერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: "ორერა", "რერო", "ივერია", "თეატრონი" და სხვა.
ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ხშირად სრულდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. გამოცემულია გრამფირფიტები და ოთხი კომპაქტდისკი.
კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.