„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. გიორგი თარგამაძემ ყურადღება ქვეყნის შიდა პრობლემებსა და ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა.
თარგამაძის განცხადებით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა და იგი უნდა მოგვარდეს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით, ეფექტური შრომის კოდექსის შემუშავებით, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც დამქირავებლისთვის, ისე დაქირავებულისთვის, გადასახადების შემცირებითა და გამარტივებით, საკუთრების უფლების დაცვით, სოფლის მეურნეობის აღორძინებით და პროფესიული განათლების ხელშეწყობით.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის თქმით, აუცილებელია დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებული პრობლემების რეალისტურად შეფასება და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი გზით სვლა. საქართველო თარგამაძეს იმ ადამიანს აგონებს, რომელმაც ევროპის სამეზობლოში ჯერ მხოლოდ ცალი ფეხი შეაბიჯა..
„ახლა ჩვენი მიზანია ვუმკურნალოთ მეორე ფეხს და იქ შევაბიჯოთ ჯანმრთელი სხეულით. ამისათვის აუცილებელია პროგრესის მიღწევა ყველა მიმართულებით, პროგრესს კი ვერ მივაღწევთ თუ მთავარ კითხვებს არ გავეცით პასუხი: თუ საქართველოს მთავრობამ წარმატებით გაატარა პოლიციის რეფორმა, რატომ ვერ მოახერხა მან იგივეს გაკეთება სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით? თუკი მოხდა კორუფციის აღმოფხვრა დაბალ და საშუალო დონეზე, რატომ ვერ შეძლეს თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფა? თუ საქართველოს მთავრობა ასეთი ეფექტურია სამოქალაქო რეესტრის რეფორმაში, რატომ რჩება გადაუჭრელი უმძიმესი პრობლემები პენიტენციალურ სისტემაში? უსასრულობამდე შემიძლია ეს ჩამონათვალი გავაგრძელო. პასუხი ნათელია, ყველაფერი დამოკიდებულია არა შესაძლებლობებზე, არამედ სააკაშვილის მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.