ჯორჯ ბუში-უმცროსი ავღანეთისა და ერაყის ომებში მონაწილე ვეტერანთა ველორბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
ღონისძიება 25 აპრილს დაიწყება და 27-ში დასრულდება. ამ დროის განმავლობაში ველოსიპედისტები დასავლეთ ტეხასის ბიგ-ბენდის რეგიონის მთიანი მონაკვეთის 100 კილომეტრს დაძლევენ. ამასთან, ველორბოლის მონაწილეები თანაბრად დაფარავენ მთიან და უდაბნოს მონაკვეთებს.
ბუშის თქმით, მისთვის ეს სერიოზული გამოცდა იქნება.
"ეს მოგზაურობა იმათ პატივსაცემად მოეწყო, ვინც უმძიმესი დარტყმის მიუხედავად, შეძლო და საკუთარ თავს უთხრა: ჩემი გატეხვის უფლებას არავის მივცემ",_აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.
ბუშთან ერთად ამავე მარათონს კიდევ 15 ადამიანი შეუერთდება.
შეგახსენებთ, ჯორჯ ბუში ველორბოლის დიდი მოყვარულია. სპორტის ამ სახეობამ მას გული ვერ აუცრუა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გატაცებას მისთვის დაზიანება და ჩამოვარდნა მოსდევდა. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მედიასაშუალებები არაერთხელ იტყობინებოდნენ, რომ ველოსიპედით სეირნობისას ქვეყნის მეთაური ხშირად გადავარდნილა.