მუამარ კადაფის ვაჟმა სეიფ ალ-ისლამი The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო შეთქმულების შესახებ პირველად ისაუბრა.
მისი თქმით, 17 თებერვალს ლიბიელებს "ალ-ჯაზირას" საშუალებით შეატყობინეს, თითქოს მუამარ კადაფიმ ქვეყანა დატოვა და ვენესუელაში გაფრინდა. ამას სხვა სახის ინფორმაციაც მოჰყვა, თითქოს სეიფ ალ-ისლამი მისმა ძმამ მოკლა.
"ეს დიდი შეთქმულება იყო. ლიბიის საფოსტო და კომუნიკაციების კომპანიიდან რამდენიმე ადამიანი გადაიბირეს და ტელეკომპანიების გამოყენებით ფალსიფიცირებული სვლა დაიწყეს. ეს სრული დეზინფორმაციაა. მთლიანი ქსელი ჩამოიქცა. ამ ინფორმაციის გაგონების შემდეგ ჩემმა მეგობრებმაც კი დატოვეს ქვეყანა. მათი თქმით, ლიბიის ტელევიზია იმდენად სულელურად მოიქცა, რომ მუსიკალურ პროგრამებს ტრანსლირებდა. ამის საპირისპიროდ კი, "ალ-ჯაზირა" "უახლოეს ამბებს" გადასცემდა. კერძოდ, თურმე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კადაფიმ დატოვა ქვეყანა, მისი ვაჟი_სეიფი კი მოკლული ყოფილა. სატელეფონო ქსელმა ვეღარ გაუძლო და მუშაობა შეწყვიტა. აი, ამიტომ გაიქცნენ პოლიციელები, ჯარისკაცები, ადამიანები",_ იხსენებს სეიფ ალ-ისლამი.
მისი თქმით, ადამიანები სახლში ჩაიკეტნენ. ამ დროს კი გამოჩდნენ ზოგიერთები, რომლებიც სამხედრო საწყობებს თავს დაესხნენ, გაიტაცეს საბრძოლო მოწყობილობა, იარაღი და შეიარაღებული ბუნტი დაიწყეს. კადაფის შვილის თქმით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, ახლა კი ადამიანები გამოღვიძებას იწყებენ.
"ადამიანების დახოცვას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა გვსურს. კანონი და წესრიგი გვჭირდება. ლიბიაში ქაოსის მოწყობით არავინაა დაინტერესებული. თუმცაღა, ზოგიერთი არაბული ქვეყანა, ყატარის მსგავსად, ცუდ როლს ასრულებს",_მიიჩნევს სეიფ ალ-ისლამი.