საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ოპოზიციამ არასწორად გაიგო.
ამასთან, ოჩიაური "ქრისტიან-დემოკრატების" გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ენთუზიამზი მხოლოდ "მათ არაკომპეტენტურობას ადასტურებს" და კარგი იქნება თუ ოპოზიციას კანონის ძველი ნორმას წაიკითხავს, რომელიც 2009 წლამდე არსებობდა.
"2009 წლამდე აკრძალული იყო "ჩამოთვლილ შენობებთან" 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვა, 2009 წლის შემდეგ კი მხოლოდ შენობის შესასვლელთან აიკრძალა. აშკარად გიჭირთ ამის წაკითხვა", - მიმართა ოჩიაურმა "ქრისტიან-დემოკრატებს".
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს შეკრება, თუ შენობის ბლოკირება არ მოხდება და ამ შემთხვევაში, 20 მეტრის რადიუსი არ უნდა იყოს განსაზღვრული.
"ეს არის და ეს ის ცვლილება, რომელიც შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგად. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და არდათანხმება არ არის არაკოსნტიტუციური. ჩვენ შეგვიძლია არ დათანხმება, ეს სრულიად დემოკრატიული მოვლენაა. ვინ განსაზღვრავს ბლოკირებულია თუ არა შენობა თუ მასთან 20 მეტრის რადიუსი არ იქნება დაცული. ყოველთვის გამოინახება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ 100 ადამიანი შეკრება არ ბლოკავს ამ შენობას, მაგრამ თუ მოვა 10 ათასი ადამიანი, მაშინ ხომ დაბლოკავსო. ამიტომ იყო ჩადებული ეს ნორმა მხოლოდ. თუ წაიკითხავთ ამ ნორმებს, შესანიშნავად გაიგებდით რაშია საქმე" - განაცხადა ოჩიაურმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის წარმომადგენელთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმები, რომლებიც ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციის ჩატარებას კრძალავდა.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის ნორმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლეოდა უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი ყოფილიყო, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს - აქციისთვის ორგანიზება გაეწია და პასუხისმგებელი პირი ყოფილიყო.