სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ქვრივიშვილების სახლთან პოლიციის 50-მდე თანამშრომელია მობილიზებული. სამართალდამცავები ფიროსმანის მიერ მოხატული კარის ამოღებას ცდილობენ. როგორც კარის მესაკუთრემ ვანო ქვრივიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლოს ნებართვა არ აქვთ, თუმცა ხელშეშლის შემთხვევაში მათ დაკავებით დაემუქრნენ.
ამ საკითხზე შს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიროსმანის მიერ მოხატულ კართან დაკავშირებით გამოძიება 14 აპრილს დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველს არც პროკურატურაში აკონკრეტებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბელგიაში მცხოვრები ავთანდილ ოზაშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში სახლი და მარანი, რომელიც დაანგრიეს და კარი ჩამოხსნეს, მას ეკუთვნოდა და მისი გაყიდვისა და დაშლის უფლება არავისთვის მიუცია. გავრცელებული ცნობით, ნივთის დაბრუნების მოთხოვნით პოლიციას სწორედ მან მიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჯერჯერობით ავთანდილ ოზაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო.
სახლი და მარანი, საიდანაც კარი ჩამოხსნეს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრებმა ვანო ქვრივიშვილმა 2010 წელს დაანგრია. მისი თქმით, შენობა მან ტრისტან ოზაშვილისგან იყიდა.
შეგახსენებთ, რომ მარნის კარზე არსებული წარწერა, რომ შესაძლოა ფიროსმანის მიერ ყოფილიყო შესრულებული, ამის შესახებ 2010 წლის ივნისში ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებდა, რომ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა. ცოტა ხნის წინ ესქპერტიზამ დაადასტურა, რომ კარი ნამდვილად ფიროსმანის მიერ არის მოხატული.