საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.
"ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორებთან. სწორედ ამ დიალოგის ნაწილია ვიზიტების ის სერიები, რომელიც იმართება საქართველოში. ამჯერად, ჯონ კაელის შემადგენლობით, საქართველოში სენატორთა ჯგუფი ჩამოვიდა. გაიმართა მთელი რიგი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტთან. შეხვედრების მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა იყო. სენატორებმა ავღანეთში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ აშშ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
"განხილული იყო იმ ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებობს. ეს შეხვედრები მაისშიც გაგრძელდება, როდესაც საქართველოს მორიგი ამერიკული დელეგაცია ეწვევა", - დასძენს პრესსპიკერი.