საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოაჩინა, "ვინ არის არაკომპეტენტური და მტყუანი" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
"კარგად გამოჩნდა ვინ არის არაკომპეტენტური, ვინ არის მტყუანი და ვინ არღვევდა კონსტიტუციას. ორი წლის განმავლობაში თქვენ ქვეყანა აცხოვრეთ კონსტიტუციის ძალიან კონკრეტული დარღვევის მქონე კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით დაიჭირეთ კიდევ ადამიანები და ჩასვით ციხეში, რადგან ისინი შემთხვევით პარლამენტის შენობას მიუახლოვდნენ", - მიმართა გიორგი ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.