იაპონიაში სპეციალური ფხვნილი შეიქმნა, რომელიც წყალში რადიაქტიურ ნივთიერებებს გამოავლენს. გამოგონების ავტორის, კანაძავას უნივერსიტეტის პროფესორ ტომიხის ოტის თქმით, ფხვნილის შემადგენლობაში მინერალთა, მათ შორის, ცეოლიტების ის შენარევი შედის, რომლითაც წყლიდან რადიაქტიურ ნივთიერებათა_იოდის, ცეზიუმისა და სტრონციუმის იზოტოპთა ეფექტური მოცილება არის შესაძლებელი.
ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ თუკი 100 გრამ წყალში 1,5 გრამ ფხვნილს გავხსნით, იგი მთლიანად ანადგურებს ცეზიუმს. პროფესორის რეკომენდაციით, გამოგონება შესაძლოა, ფუკუსიმას ავარიულ ატომურ რეაქტორზეც გამოიყენონ, რათა 67 ათასი ტონა მაღალრადიაქტიური წყალი, რომელიც ატომური სადგურის ქვედა სართულსა და გვირაბებშია დაგროვილი, გასუფთავდეს.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მინერალები_ცეოლიტები უნიკალურ თვისებას ფლობენ. კერძოდ, მათ შეუძლიათ გარემოდან რადიაციული და მავნე ნივთიერებები შეიწოვონ. სასურსათო პროდუქტების დანამატის სახით ცეოლიტებს იმ ადამიანებისთვის იყენებენ, რომლებიც დასხივების საშიშროების რისკის ქვეშ არიან.