საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია იმ თურქული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, წიაღისეულის გატანის საკითხზე მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
"აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა, დამნაშავე სერგეი შამბამ გააკეთა განცხადება, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქულ კომპანიებთან აფხაზეთის ტერიტორიიდან წიაღისეულის გატანის საკითხზე და ამ კომპანიებს ასახელებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან საქმე ეხება საქართველოს კუთვნილ წიაღისეულს. ამიტომ, მინდა ვთხოვო საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, მოხდეს ამ კომპანიების აღრიცხვა, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება, რადგან გამოძიების პროცესში მყოფი კომპანიები აფხაზეთიდან წიაღისეულის გატანას ვერ მოახდენენ. ამასთან, უნდა მოხდეს თურქეთის ელჩის დაბარება და მისგან მკაცრად განსაზღვრა იმისა, რომ თუ თურქეთის სახელმწიფო არ აღიარებს ამ ბანდიტურ წარმონაქმნს, თავი დაანებონ იქ სიარულს მისმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა", - განაცხადა პაატა დავითაიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბაღაფში ანკარაში სამკურნალოდ არ უნდა ჩასულიყო, როგორც ეს ოფიციალურად იყო გაცხადებული.
"აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი, ერთ-ერთი კრიმინალი სერგეი ბაღაფში თურქეთში იყო ჩასული და კეთდება განცხადებები,თითქოს თურქულმა მხარემ ის სამკურნალოდ მიიღო. მინდა ვთხოვო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ძალიან მკაცრად დააყენოს ეს საკითხი, რადგან ბაღაფში თურქეთში არანაირი მკურნალობის მიზნით არ ყოფილა და მან იქ შეხვედრები გამართა. თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ძალიან მკაცრად უნდა დავაყენოთ მასთან ეს საკითხი და პასუხი მოვთხოვოთ", - განმარტა დავითაიამ,
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში თურქეთში 7-11 აპრილს იმყოფებოდა.