ნატო ახალ მექანიზმებზე მუშაობს, რომელმაც საქართველო, როგორც გაწევრიანების კანდიდატი უფრო ძლიერი უნდა გახადოს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა რამდენიმე საათის წინ, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ნატოს მინისტერიალის შედეგები და ჰილარი კლინტონის მიერ ბერლინში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
"გასულ კვირას, ბერლინში ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს ნატოს წევრობისკენ მისწრაფებას, რეფორმების მომავალში გაგრძელებას და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მე ვერ დავასახელებ გაწევრიანების კონკრეტულ ვადას და გრაფიკს, მაგრამ გეტყვით, რომ მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება მხარი დაუჭირონ საქართველოს მისწრაფებას ნატოში და განაგრძონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი, როგორც კლანდიდატის გაძლიერების პროცესი. ალიანსი მუშაობს საქართველოსთან ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე და სხვა მექანიზმებზე, რომელმაც საქართველო უფრო ძლიერი კანდიდატი უნდა გახადოს", - განაცხადა გორდონმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში ნატოს მინისტერიალი, მის ფარგლებში კი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 14-15 მარტს გაიმართა.