რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ახლანდელი დროშა ე.წ. ტრიკოლორი (თეთრი-ლურჯი-წითელი) რუსეთის იმპერიის ასევე სამფეროვანი (შავი-ყვითელი-თეთრი) დროშით უნდა შეიცვალოს. მისივე აზრით, ასევე სახელები უნდა გამოეცვალოს ქალაქებსა და ქუჩებს, რომლებიც ამჟამად პოლიტიკური მოღვაწეების სახელებს ატარებს.
"ამერიკელებს უკვე 200 წელია ერთი და იგივე დროშა აქვთ, ჩვენ კი მას ყოველ 50 წელიწადში ვცვლით. კონკრეტული წინადადება: კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ რუსეთის იმპერიის შავ-ყვითელ-თეთრ დროშას, რომლის ქვეშაც ქვეყანამ ყველაზე დიდ ძლევამოსილებას მიაღწია", _ განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დღეს მრგვალ მაგიდაზე, რომელის ახალგაზრდებს შორის პატრიოტიზმის გაღვივების თემას მიეძღვნა.
ჟირინოვსკის აზრით, რუსეთის ახლანდელი დროშა - "კერენსკისა და ვლასოვის დროშაა".
"ვინ სცემს პატივს ასეთ დროშას? ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს არავისი დროშა არის. რუსეთის ახლანდელი დროშა სახელმწიფო დროშა ელცინის დროს გახდა. ელცინი მოკვდა დროშა კი დარჩა", _ აცხადებს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
ამას გარდა, მისივე ინიციტივით, უნდა აიკრძალოს რუსეთის ქალაქებისა და ქუჩებისათვის პოლიტიკურ მოღვაწეთა სახელების მინიჭება. "დღეს მოსკოვში არის ისეთი ადამიანის სახელობის ქუჩა, რომელიც გამოდიოდა მოწოდებით მოეკლათ რაც შეიძლება მეტი რუსი. როგორ უნდა იცხოვროს ახალგაზრდობამ ამ ქუჩაზე? ", _ აცხადებს ჟირინოვსკი.
აღსანიშმავია, რომ თანამედროვე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშად მიიჩნევა ტილო, რომელიც თეთრი, ლურჯი და წითელი ზოლებისგან არის შემდგარი. იგი XVII-XVIII სს. მიჯნაზე გაჩნდა, რუსეთის ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერიოდში. პირველად ეს სამფეროვანი დროშა, პირველ რუსულ სამხედრო გემზე "ორიოლ"-ზე აღმართეს პეტრე I-ის მამის ალექსეი მიხაილოვიჩის მეფობის დროს, თუმცა მისი დამტკიცება მოგვიანებით, პეტრე I ის ბრძანებით დროს მოხდა 1705 წელს.
1712 წელს სამხედრო ფლოტში ანდრეევსკი დროშა დამკვიდრდა.
1858 წელს ალექსანდრე II დაამტკიცა ნახატი "გერბული შავ-ყვითელი-თეთრი იმპერიის ფერების განლაგებით ამებზე, დროშებზე და სხვა ნივთებზე ქუჩების მორთვისათვის დღესასწაულებზე და სხვა საზეიმო შემთხვევებისათვის".
შავ-ყვითელი-თეთრმა დროშამ 1883 წლამდე იარსება.
ალექსანდრე III -ის ბრძანებით, ზეიმებზე დაირთო ნება გამოიყენონ "უკიდურესაც რუსული დროშა, რომელიც სამი ზოლისაგან შედგება: ზედა - თეთრი, შუა - ლურჯი და ქვედა -წითელი ზოლისაგან".
1896 წელს ნიკოლოზ II-მ ჩაატარა საგანგებო თათბირი იუსტიციის სამინისროსთან ერთად რომელზეც რუსეთის ნაციონალური დროშის საკითხები განიხილებოდა. თათბირი მინიდა დასკვნამდე, რომ "თეთრ-ლურჯ-წითელ დროშას აქვს სრული უფლება იწოდებოდეს რუსულად ან ნაციონალურად და მის ფერებს: თეთრს, ლურჯს და წითელს სახელმწიფოებრივ ფერებად".
1918 წელს თეთრ-ლურჯ-წითელი დროშა, რევოლუციურმა წითელმა დროშამ შეცვალა. იგი მხოლოდ 1991 წელს გამოჩნდა კვლავ.
1991 წლის 22 აგვისტოში თეთრი სახლის თავზე თეთრ-ლურჯ-წითელმა დროშამ რევოლუციური წითელი დროშა შეცვალა. ამ დროიდან, ყოველწლიურად 22 აგვისტოს რუსეთში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები