"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ქართული ენის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" დაარსებიდან დღიდან სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებას ითხოვენ და ეთნიკური უმცირესობებითYდასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების პრობლემის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შეტანის ინიციატივითაც გამოვიდნენ.
"სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ქართული ენის სწავლების კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ მაღალი ხელფასი და სხვა შეღავათების დაწესება მასწავლებლებისთვის პრობლემას ვერ ხსნის", - აღნიშნა თარგამაძემ.
უმცირესობის ლიდერის თქმით, ქართულის პედაგოგები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობასთან მუშაობენ პრობლემებს ენობრივი ბარიერის კუთხით აწყდებიან, რადგან ახალმა თაობამ მხოლოდ მისი ეთნიკური ენა იციან, ხოლო ქართველმა პედაგოგებმა ქართული და რუსული.
"მზად ვართ განათლების სამინისტროს მუშაობაში ჩავერთოთ და ქართული ენის სწავლების გეგმის შემუშავებაში დავეხმაროთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ პედაგოგები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას ქართულ ენას ასწავლიან გადამზადება უნდა გაიარონ და ის ეთნიკური ენები შეისწავლონ, სადაც მათ მოუწევთ მუშაობა", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრი პრეზიდენტის მიერ დავალებული გეგმის შემუშავების შემდეგ არა მხოლოდ მთავრობას, ასევე პარლამენტსაც წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მომავალი წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30% უნდა ისწავლებოდეს ქართულ ენაზე. ეს ნიშნავს, რომ მათემატიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ისტორიის საგნები უნდა ისწავლებოდეს ორ ენაზე, სომხურად და ქართულად, აზერბაიჯანულად და ქართულად, რუსულად და ქართულად, ოსურად და ქართულად.
ასევე, მასწავლებლები, რომლებიც რეგიონებში ქართული ენის სასწავლებლად წავლენ, 500-ლარიან ხელფასს მიიღებენ. ბაკალავრებს, რომლებიც ქართული ენის მასწავლებლად იმუშავებენ რეგიონებში, 500 ლარიან ხელფასთან ერთად სახელმწიფო ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს დაუფინანსებს. ადგილობრივი მასწავლებელი, რომელიც საზღვრისპირა რეგიონებში ორ ენაზე ასწავლის, 200 ლარიან დანამატს მიიღებს.