საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო Community of Democracies-ის (დემოკრატიათა გაერთიანება) მიერ ბრიუსელში, ევრპარლამენტში ორგანიზებულ საპარლამენტო ფორუმის შეხვედრაში. ფორუმზე დისკუსიების საკითხები იყო: დემოკრატიის, როგორც საგარეო პოლიტიკის ძირითადი შემადგენლის, მხარდაჭერა; საპარლამეტო ფორუმის როლი დემოკრატიის განვითარებაში; "აღმოსავლეთ პარტნიორობის~ ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობა; არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები.
საპარლამენტო ფორუმის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამეტის პრეზიდენტი იერჟი ბუზეკი, მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე მარტინ ლუპუ, საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი ემანუელის ზინგერისი, ასევე ევროპარლამენტარები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციათა, მათ შორის Freedom House, დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელები, NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართვლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის გაძლიერება უმთავრესი ამოცანაა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი, მშვიდობა, ქვეყნის სწორად მართვა და მოქალაქეების კეთილდღეობა. საქართველო ერთგულია დემოკრატიული პრინციპების, და არსებული სირთულეების მიუხედავად გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მოდერნიზებას.
წერეთელმა განაცხადა, რომ პრობლემათა დაძლევის, ქვეყნის წინსვლის, ეფექტური მექანიზმი სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების, პასუხისმგებლობის, ტრანსპარენტულობის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაძლიერებაა.
წერეთელმა მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და იმედი გამოქვა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია და თანამშრომლობა გაგრძელდება უკვე საქართველოში, 19-20 მაისს დაგეგმილ მაღალი დონის საპარლამენტო ფორუმის ფარგლებში, რომლის თემატიკა იქნება "დემოკრატიზაცია ევროპულ სამეზობლოში~.
საპარლამენტო ფორუმის შეხვედრას ასევე ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი.
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ფორუმის ფარგლებში გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს.
სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია Community of Democracies ჩამოყალიბდა 2000 წელს და დაფუძნებულია გაეროს ქარტიასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე. მის მიზანს დემოკრატიული სტანდარტების და პრაქტიკის გაღრმავება წარმოადგენს. ორგანიზაციის შემადგენლობაში 100 ქვეყანა შედის.