რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ კომბინირებული დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტებია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსების მიზანია მილიონობით უკრაინელისთვის ზიანის მიყენება და ისინი იმდენად დაეცნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის დღეს მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებს უშენენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთის ფედერაციაზე დამატებითი ზეწოლა.
„სანქციებმა უნდა იმუშაოს და ჩვენმა საჰაერო თავდაცვამაც უნდა იმუშაოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მხარდაჭერა სიცოცხლის დამცველთა მიმართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე დეტალურად განმარტა, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ამჟამად ბევრ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არის დაზიანებები. ფასტივში დრონით დარტყმამ მთავარი სადგურის შენობა დაანგრია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ კიევის რეგიონში ასევე იყო დარტყმები საწარმოებზე და საცხოვრებელ შენობებზე. ასევე დაზარალდა დნეპრის, ჩერნიჰივის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ლვოვის, ვოლინის და მიკოლაევის ოლქები.
„650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური და ბალისტიკური რაკეტები. რეგიონებში არიან დაჭრილები. ყველას დახმარება სჭირდება“, - თქვა მან.
ცნობისათვის, 6 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო დრონებითა და რაკეტების გამოყენებით.
უკრაინის რვა რეგიონში ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, ასევე ფასტივის მთავარი რკინიგზის კვანძი.
საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო ან ჩაახშო 615 საჰაერო სამიზნე, დაფიქსირდა რაკეტებისადა დრონებით დარტყმები 29 ლოკაციაზე, ასევე დაფიქისრდა ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა სამ ლოკაციაზე.