საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა "დამწყები კრედიტორივით" იქცევა.
"ჩვენი მთავრობა დამწყები კრედიტორივით იქცევა. აიღებს ერთ კრედიტს, გაფლანგავს, მერე მის დასაფარად ახალს აიღებს და ა.შ. ამის შემდეგ კი ნაცარს გვაყრიან თვალებში და ევრობონდების "სიკეთეებზე" გველაპარაკებიან. ევრობონდი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდს ინვესტორი შეიძენს და ამაში ფულს თავისი საპროცენტო წლიური განაკვეთით გვაძლევს, რომელიც საკმაოდ მაღალია და 6-7 %-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენთვის ნაჩუქარი ფულია", - განუცხადა ვეფხვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ევრობონდების წლიური მომსახურებისთვის საქართველოს 25-26 მილიონი ლარის გადახდა უწევს, რაც ქუჩაში გადაყრილი ფული გამოდის.
შეგახსენებთ, რომ წელს ფინანსთა სამინისტრო ახალ ევრობონდებს გამოუშვებს, რომელიც 2008 წელში გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებას მოხმარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "ვალის შესახებ" კანონში ცვლილებები გასულ კვირას დაამტკიცა.