პარლამენტმა მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტი 68 ხმით დაამტკიცა.
კანონპროექტის ბოლო რედაქციით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოიკდებულების მქონე იურიდიული პირი; პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი; იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციების პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, სალიცენზიო განაცხადს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; მონაცემები, ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ; დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირებს, სხვა საჯარო მოხელეებს და ა.შ; დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებლის წილს ან აქციების პირდაპირ ან ირიბად არ ფლობს ოფშორულ ზინაში დარეგისტრირებული პირი და ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
ყოველწლიურად მაუწყებელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წარუდგენს ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშიპინგიდან და შემოწირულობებიდან ცალ-ცალკე.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებული ხდება, კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.
რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, მთავრობას დაევალა, რომ არა უგვიანეს 2012 წლის 1-ლი იანვრისა, მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.