ოფიციალური თბილისი რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
"ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, შევთავაზეთ და ვთავაზობთ რუსეთის მხარეს თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში, რაზეც დღემდე პასუხი არ მიგვიღია", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის უწყება საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და მას აკრიტიკებს.
"რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არიან შეშფოთებული მოსკოვში, რომ მათ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები გახსნილია და საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა წარმოადგინეს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი და მისი სპეცსამსახურები არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორები არიან, არამედ უშუალოდ გეგმავენ და ორგანიზებას უკეთებენ ტერორისტულ აქტებს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.