საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პრინციპი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, თანდათან მტკიცდება.
"სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ პრინციპი, რომელიც ალიანსის მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული და რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი, ძალაში რჩება და უფრო მტკიცდება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში ვიზიტით მყოფ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, სასიამოვნო და სასარგებლო ფაქტია ის, რომ ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნულ რაინგში თავისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, სწორედ საქართველოში სტუმრობით დაიწყო.
რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, ვაშაძის თქმით, მხარეებმა ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზე, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობასა და მთლიანად რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.