იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აბიჯანში იაპონიის ელჩის რეზიდენციას ექს-პრეზიდენტ ლორან გბაგბოს ჯარისკაცები თავს დაესხნენ.
თავდასხმის შედეგად რეზიდენციის ოთხი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, შენობა კი მთლიანად გაქურდეს. იაპონიის ელჩმა ოკამურა იოსიფუმმა და დიპლომატიური წარმომადგენლების შვიდმა თანამშრომელმა თავის გადარჩენა შეძლო, მათ განცალკევებით მდებარე ნაგებობას შეაფარეს თავი, რომელსაც ტყვიაგაუმტარი კარი ჰქონდა.
ამ დროისთვის იოსიფუმი და სხვა დიპლომატები უსაფრთხოდ არიან.
ამასთან, კოტ-დივუარში ორ პრეზიდენტს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ლორან გბაგბოს რეზიდენციაზე თავდასხმას გაეროს მშვიდობისმყოფელთა ვერტმფრენებიც ახორციელებდნენ. ალასანა უატარის შეიარაღებული ძალების ცეცხლქვეშ კი ქალაქ აბიჯანის სამთავრობო კვარტალი_რეზიდენციის მთელი კომპლექსი იმყოფება. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ აღნიშნა, რომ კოტ დივუარის ყოფილ პრეზიდენტ ლორან გბაგბოს ქვეყნიდან წასვლის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.
"დიალოგმა რამდენიმე საათს გასტანა. თუმცა გბაგბოს შეურიგებლობის გამო მოლაპარაკებები ჩავარდა",_აცხადებს ალენ ჟუპე.
თავის მხრივ, კოტ-დივუარის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გბაგბო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
შეგახსენებთ, 2010 წლის ბოლოს კოტ-დივუარში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა_გბაგბომ და უატარმა საკუთარი გამარჯვების შესახებ აუწყეს მოსახლეობას. ამასთან, გბაგბო ძირითადად ქრისტიან ამომრჩევლებში სარგებლობს პოპულარობით, უატარს კი მხარს მუსულმანები უჭერენ. საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით კი აშშ, გბაგბოს გადადგომისკენ მოუწოდებს.