ბეჯეტ პაკოლი, რომლის საპრეზიდენტო პოსტზე არჩევაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, დათანხმდა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხელმეორედ აღარ წამოაყენებს. ამის შესახებ Gazeta Express-ი იტყობინება.
გაზეთის ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტყილების შესახებ ბეჯეტ პაკოლიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ხაშიმ ტაჩისა და კოსოვოს დემოკრატიული კავშირის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ისა მუსტაფასთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა.
შეხვედრა კოსოვოში აშშ-ის ელჩის ქრისტოფერ დელის ორგანიზებით შედგა. გამოცემის ცნობით, ამერიკელმა დიპლომატმა კრება კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით მოიწვია.
კრების მონაწილეებმა მოილაპარაკეს, რომ კოსოვოს პრეზიდენტის პოსტზე პაკოლის ნაცვლად რომელიმე სხვა კომპრომისულ ფიგურას წარადგენდნენ. ქვეყნის მეთაურის შესაძლო კანდიდატურებიც დასახელდა. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთის, ადვოკატ ილიაზ რამაილის ვინაობა ხმაურდება.
ამასთან, პოლიტიკოსები კოსოვოს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოიდიან. ამ ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს პირდაპირი ხმის მიცემით აირჩევენ. ამ ეტაპზე კი სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის წევრები ირჩევენ.
შეგახსენებთ, კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის მიზეზად პრეზიდენტის პოსტზე ბეჯეტ პაკოლის არჩევის არაკანონიერება სახელდება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცედურა დაირღვა, რადგან საარჩევნო შეკრების სხდომას ყველა დეპუტატი არ ესწრებოდა.
ამის მიუხედავად, პარლამენტში ძალების გადანაწილებამ ერთადერთ საპრეზიდენტო კანდიდატად პაკოლის გასვლა განაპირობა. იმ შემთხვევაში, თუ ხმის მიცემის პროცედურა ჩავარდებოდა, ეს ვადამდელი საპოარლამენტიო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.