ამერიკის ყოფილი კონგრესმენი კურტ უელდონი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისთან მოლაპარაკებების მიზნით გაემგზავრა.
ამის შესახებ უელდონმა "ნიუ-იორკ-თაიმსს" აცნობა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ იგი მოლაპარაკებებზე კადაფის შტაბის ხელმძღვანელმა მიიწვია. ამერიკიელი ემისრის თქმით, ლიბიაში იგი კერძო ვიზიტით იმყოფება. თუმცა ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბარაკ ობამასა და კონგრესის წევრებსაც ჰქონდათ.
ლიბიაში ჩასვლისთანავე უელდონი პოლკოვნიკ კადაფისთან გამგზავრებას აპირებდა, რათა იგი წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტაში დაერწმუნებინა. ამ ეტაპზე შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტრიპოლში კურტ უელდონი მარტო არ გამგზავრებულა. მას ტელეკომპანია WPIX-TV- ის ჟურნალისტი ლარი მენდტი და ფოტოგრაფი ჯონ ფრასი ახლდა. როგორც ჟურნალისტი ლარი მენდტი ლიბიიდან თავის პირველ რეპორტაჟში იტყობინება, კურტ უელდონი ლიბიის ლიდერს რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს.
კერძოდ, ეს შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, უფლებამოსილების მოხსნას, დასავლეთის კონტროლქვეშ ახალი მთავრობის ფორმირებასა და 12 თვიან ვადაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ კურტ უელდონი ლიბიას პირველად არ სტუმრობს. 1987-2007 წლებში იგი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის კონგრესში პენსილვანიას წარმოადგენდა და სამხედრო საქმეებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ჯერ კიდევ 2004 წელს, იგი კონგრესმენებთან ერთად ტრიპოლში გაემგზავრა, სადაც პირადად შეხვდა კადაფისა და მისი ადმინისტრაციის უმაღლეს ჩინოვნიკებს. მაშინდელი ვიზიტი ლიბიის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას შეეხებოდა და დასავლურ სამყაროსთან კადაფის დაახლოებას ისახავდა.
"ძალიან კარგად ვიცნობ კადაფის და ვიცი, რომ მხოლოდ დაბომბვის გამო მისი დანებება შეუძლებელია", - აღნიშა კურტ უელდონმა. მისი თქმით, სანამ დროა, ვაშინგტონის თაოსნობით, საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა გადაიყვანოს პრობლემები. ამასთან, უელდონი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების მიზნით აუცილებლად უნდა მიიზიდონ სეიფ ალ-ისლამი და ლიბიის სხვა გავლენიანი მოღვაწენი.
ბოლო დროს ტრიპოლი დასავლური სამხედრო კამპანიის შეწყვეტის მიზნით დათმობებზე წასვლის მზადყოფნას გამოთქვამდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლკოვნიკ კადაფის ვაჟებმა სეიფ ალ-ისლამმა და საადი ალ-კადაფმა ხელისუფლებისგან მამის ჩამოცილებისა და ლიბიაში დემოკრატიული რეფორმების გატარების გეგმა განიხილეს.