"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების დენაციონალიზაცია დაიწყოს.
როგორც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი განმარტავს, იმისთვის, რომ მიწას ფასი დაედოს არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ნაციონალური მიწები, რადგან იარსებებს სახელმწიფო საკუთრებაში მიწა (დაახლოებით 200 ათასი ჰექტორი), მუდმივად იქნება ბაზარზე იაფი მიწის მიწოდების პერსპექტივა, რაც ხელს შეუშლის კერძო სექტორში მიწების გაძვირებას.
"სახელმწიფომ უნდა მოახდინოს დენაციონალიზაცია მიწის, ამისთვის აუცილებელია აუქციონებზე მათი მუდმივ რეჟიმებში გატანა, ასევე უნდა მოხდეს მიწის პირველადი ფასის დაწევა, რეკლამირება და საზოგადოებისთვის იაფად შეთავაზება, რათა აღარ იყოს ქვეყანაში იაფი მიწა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ადამიანს, რომელსაც 10 ჰექტარი მიწა აქვს, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს არ აღემატება, ის ვერ აწყობს თავის მეურნეობას, რადგან ბანკი მას აღნიშნული ღირებულების მიწაში 100 ათას ლარის კრედიტს არ მისცემს, რომელიც მეურნეობის, მექანიზაციის, ინფრასტრუქტურის ასაწყობად სჭირდება.
"როგორც კი მიწა გაძვირდება ბანკსაც უფრო გაუადვილდება დიდ კრედიტის გაცემა, შესაბამისად ეს დარგი მაშინვე დაიწყებს ამოქმედებს, სხვანაირად სანამ მიწა იაფი იქნება ჩვენ მას ვერაფერს ვერ უშველით, რამდენი მილიონიც არ უნდა გამოიყოს", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.