პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს"თავმჯდომარე კახა კუკავა სააკაშვილს ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს.
"რუსთავი 2"-ის ეთერით გადაიცა სიუჟეტი, თითქოს პარტია „თავისუფალი საქართველო" და „ეთნიკური სომხები" „მოსკოვის დავალებით" ჯავახეთში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ. ბოლო თვეების მანძილზე სამთავრობო დეზინფორმაციის საშუალებები: "რუსთავი 2", "იმედი", "რეალ TV", "პრაიმ ტაიმი", "ვერსია" და სხვა მედიასაშუალებები პარტია „თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას მიზანმიმართულად ახორციელებენ," - აცხადებს კუკავა.
მისივე თქმით, საინფორმაციო საშუალებების კამპანია მათი პარტიის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რადგან ისინი ე.წ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს გაემიჯნენ.
"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის გამოიყენეს ისეთი დელიკატური თემა, როგორიცაა ქართულ-სომხური ურთიერთობები: ჯავახეთის სომხური მოსახლეობა კი პრაქტიკულად კრემლის დესანტად იქნა გამოცხადებული", - აღნიშნა კახა კუკავამ.
ამასთან, „თავისუფალი საქართველო" შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჯავახეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.
"მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს" წევრები ვაფრთხილებთ სააკაშვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემდეგ, საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს კიდევ ერთხელ ნუ შესწირავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განმარტავს კუკავა.