კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ორ დღეში გადმოასვენებენ.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანია "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა და აქვე უარყო აფრიკაში კომპანიის წარმომადგენლის საშა ტერიკოვის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ დაღუპულთა თბილისში გადმოსვენება შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გართულებულია.
"ჩვენი წარმომადგენლები კისაშაში უკვე მუშაობენ და სავარაუდოდ, ორი დღის განმავლობაში მოხერხდება დაღუპულთა საქართველოში გადმოსვენება. ტრაგედია ორშაბათს მოხდა და ბუნებრივია, ორ დღეში საბუთების შეგროვება ძნელია. ეს არ ნიშნავს, რომ გადმოსვენება შეფერხებულია", - განმარტა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ კონგოში ავიაკატასტროფა ქართული ავიაკომპანიის "აირზენას" კუთვნილმა თვითმფრინავმა განიცადა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 33-დან 32 ადამიანი და ეკიპაჟის 4-ვე წევრი დაიღუპა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.