"საქართველოს ბანკმა" და საბარათე ბიზნესში ლიდერმა Diners Club International-მა სავაჭრო ობიექტებისა და ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციების მომსახურების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, "საქართველოს ბანკი" ექსკლუზიურად ჩართავს ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს Diners Club International-ის ქსელში. ამასთან, ექსკლუზიურად მოემსახურება საქართველოში Diners Club International და Discover ბარათებს ბანკომატებში.
როგორც "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური აცხადებს, ეს პარტნიორობა გააფართოებს Diners Club-ისა და Discover ბარათების გამოყენების არეალს. ბარათის მფლობელებს კი, მათი ბარათების საქართველოში გამოყენების საშუალებას მისცემს.
ირაკლი გილაურის თქმით, "საქართველოს ბანკი" ადგილობრივ საბაჭრო ობიექტებს ფართო სპექტრის მომსახურებას გაუწევს. მათ შორის, ახალ ობიექტებთან ხელშეკრულების გაფორმებას Diners Club-ისა და Discover-ის ბარათების მისაღებად, არსებულ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობასა და სავაჭრო ობიექტების ტრანზაქციების მომსახურებას.
Diners Club International-თან ექსკლუზიური შეთანხმების გაფორმების შედეგად, "საქართველოს ბანკი" ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს, მოემსახურონ ღირებულ მომხმარებელს. ამასთან, მის კუთვნილ ობიექტებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პრივილეგირებული ბარათის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, "საქართველოს ბანკის" 405-ივე ბანკომატში გამოიყენონ ბარათები.
როგორც Diners Club International-ის დირექტორმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში ჟან ფრანსუა პოლმა განაცხადა, სადღეისოდ , Diners Club-ი გამორჩეული და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის გადახდის საჭიროებას აკმაყოფილებს და მათ საშუალებას აძლევს, მსოფლიოს გარშემო 350-ზე მეტი აეროპორტის ლოჟით ისარგებლონ, ხოლო კორპორაციებსა და პატარა ბიზნესებს ხარჯების მათთვის გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს სთავაზობს.
ჟან ფრანსუას თქმით, Diners Club მიიღება 185-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, მილიონობით სავაჭრო ობიექტსა და 750,000-ზე მეტ ბანკომატში.
შეგახსენებთ, Diners Club International-ი, Discover Financial Services მფლობელობაში არსებული, პირდაპირი საბანკო და გადახდების მომსახურების კომპანიაა, რომელსაც აშშ-ში ფინანსური მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი გააჩნია.
Diners Club International-ი 1950 წელს დაფუძნდა. იგი მსოფლიოში მრავალფუნქციური პირველი საკრედიტო ბარათი გახდა და ფინანსური რევოლუცია მოახდინა მომხმარებლებისა და კომპანიების მიერ პროდუქტებისა და მომსახურების შესყიდვის წესში.