საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანელ კოლეგას ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერას შეხვდა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის აუცილებლობას. ამასთან, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გასულ წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის მოლაპარაკებებისა და ვმო-ში რუსეთის გაწევრინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი, ასევე, აქტუალური რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა, ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერამ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობისთვის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესთან.
"საქართველო-ესპანეთის ურთიერთობა სამაგალითოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ დონეზე. ესპანეთი მხარს უჭერს საქრათველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სამართლებრივ სტატუსს და ჩვენს გზას ევროპის კავშირისა და ნატოსკენ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სამეფოში ვიზიტის დასრულების შემდეგ.