დუმის მმართველი პარტიის წევრი კონსტანტინე ზატულინი ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო დაისაჯა.
როგორც დეპუტატმა რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში თავად განაცხადა, ის დღეიდან საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობას აღარ შეასრულებს.
"ედინაია რასიას" გადაწყვეტილებას ზატულინი მის მიერ პუტინის მხარდაჭერას უკავშირებს. მისივე განმარტებით, ის აღნიშნული პოსტიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ლიბიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დაუჭირა მხარი.
"სათათბიროში პუტინის მხარდამჭერ წევრებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. "ედინაია რასია" არ არის ერთ სახოვანი, თუმცა ზუსტად ასეთად სურთ მისი წარმოჩენა. ცდილობენ, რომ დეპუტატებს ჩამოართვან თავისი აზრის გამოთქმის უფლება. სახეზეა განხეთქილება პოლიტიკურ ელიტაში", - განაცხადა ზატულინმა რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერმა, ვლადიმერ პუტინმა ლიბიაში კოალიციური ძალების სამხედრო მოქმედება დაგმო და ის "ჯვაროსნულ ლაშქრობას" შეადარა.