იტალიის ხელისუფლებამ, სილვიო ბერლუსკონის ხელმძღვანელობით, რომის კოლიზეუმი კერძო მეწარმეს, ფეხსაცმლის მარკის მწარმოებელ Tod's დიეგო დელა ვალეს არენდით გადასცა. ამ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მოდის ბრენდის ხელმძღვანელმა მსოფლიო კულტურის ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოს წარმოების უფლება მიიღო. იტალიის ხელისუფლებასთან 15-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დიეგო დელავალე რეკონსტრუქციის სპონსორი გახდება და კოლიზეუმისთვის 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
იტალიის კულტურის მინისტრის შეფასებით, კოლიზეუმის რემონტს ორი-სამი წელი დასჭირდება. Tod's-ის კომპანია, რომელიც უძველესი ძეგლის განახლების ყველა ხარჯს გაისტუმრებს, უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შეუდგება სარეკონსტრუქციო სამუშაოს.
ამიერიდან მოგზაურებს სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება მოუწევთ. პირველ რიგში, კომპანია Tod's-მა კოლიზეუმის ექსკლუზიური არენდის უფლება მიიღო. ასე რომ, კოლიზეუმში მოხვედრა ყოველდღიურად არ შეიძლება. ამასთან, კომპანია თავის ლოგოს კოლიზეუმის შესასვლელსა და მის გარშემო ხარაჩოებზე დაამონტაჟებს. უახლოესი 15 წლის განმავლობაში ამ ძეგლის არსებული სახით დანახვა არავის შეეძლება. ამასთან, კოლიზეუმთან ერთად, კომპანია Tod's-მა ფლავიების იმპერატორთა დინასტიის გამოსახულებების იტალიასა და საზღვარგარეთ გამოყენებაზე უფლებები მოიპოვა.
კოლიზეუმის ბიზნესმენისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მჭიდროდ უკავშირდება სილვიო ბერლუსკონის. ამ გადაწყვეტილებამ იტალიის პროფკავშირების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც სარჩელი რომის პროკურატურაში შეიტანა. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ კოლიზეუმის გარშემო ყოველგვარი გარიგება კანონდარღვევაა, რადგან იტალიის კონსტიტუციით, კოლიზეუმი მხოლოდ სახელმწიფის ეკუთვნის.