საპარლამენტო უმრავლესობა "რვიანის" აბსურდულ წინადადებებზე მსჯელობას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
"ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი. აქედან გამომდინარე, უნდათ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ და მთლიანი საარჩევნო კოდექსი მოარგონ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მიაღწიოს მიზანს, რომელიც თბილისის პარტიულ ოფისებში 20-30 კაცის შეკრებით გადაწყვეტს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.
"ეს არის ის ძირითადი დედააზრი, რაც ჩადებულია რთულ კონსტრუქციაში, რომელიც მათ წარმოადგინეს. მათი წინადადება გულისხმობს, რომ თუ რაიონს ეყოლება მაჟორიტარი, ასეთ შემთხვევაში პროპორციული სიით ვეღარ შეგყავს. ამ კონსტრუქციით ხალხის ხმას აღარ მიენიჭება უპირატესობა და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც გარიგდებიან პარტიულ ოფისებში", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.
ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიციის აღნიშნული შემოთავაზება თვითონ არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამის გათვალისწინებით "ამ აბსურდულ წინადადებაზე მსჯელობა წარმოუდგენელია".
შეგახსენებთ, რომ "რვიანი" ხელისუფლებას სთავაზობს, ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. ასევე, მათ მიერ ადრე წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვან წარმომადგენლობას პარლამენტში, დამატებით წარმოადგენენ საარჩევნო სისტემის ორ მოდელს.
ერთი მოდელი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით. ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად. პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა;
რაც შეეხება მეორე მოდელს, "რვიანი" მიიჩნევს, რომ პარლამენტის 2/3 უნდა აირჩეს პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით.