"პრეზიდენტი შიმონ პერესი აპირებს თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს ამნისტიის შესახებ სთხოვოს, მაგრამ მე არ ვიცი უკვე გაკეთდა თუ არა ეს. ჯერ ჯერობით ჩვენ ველით", _ აცხადებენ გაზეთ "ედიოტ ახრონოტ"-თან საუბარში საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენის ზეევ ფრენკელის ქალიშვილები ირისი და ნეტა და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა ისინი ცდილობენ "ოპტიმიზმის ნარჩენები" შეინახონ და იმედი აქვთ, რომ "მამა ფესახის დღესასწაულს მათთან ერთად იზეიმებს".
ირისი და ნეტა ფრენკელები ასევე აცხადებენ, რომ ციხეში მათ მამას ძალიან ცუდად კვებავენ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოჯახთან სატელეფონო საუბრის საშულებას არ აძლევენ.
36 წლის ნეტა აცხადებს, რომ მის მამას თვეში სამი სატელეფონო საუბრის უფლება აქვს, მაგრამ ეს წესი ყოველთვის როდი სრულდება.
"მიუხედავად ამისა, მოკლე ორწუთიანი საუბარი მაინც გვშველის. როდესაც მესმის მისი ხმა და ის რომ ის კარგადაა, ვწყნარდები", _ აცხადებს ნეტა.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ფრენკელი ასევე წერს წერილებს ციხიდან, "რომლებიც გულდასმით მოწმდება სხვა და სხვა ინსტანციების მიერ, მანამ ვიდრე ისრაელში მოხვდება".
"ფრენკელის ოჯახში არ მალავენ, რომ საუკეთესო დრო არ უდგათ", _ წერს გაზეთი.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ისინი უბრალოდ გაიტაცეს. სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი სასამართლო არ იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებას რონი ფუქსისათვის დიდი ფული აქვს გადასახდელი, მამაჩემი კი მხოლოდ და მხოლოდ შუამავლობდა და ასე იქნა ჩართეული ამ საქმეში. მამას ძალიან ცუდად კვებავენ და მას რეგულარულად სინჯავს ექიმი. იგი 64 წლისაა და ჯანმრთელობას უჩივის", _ აცხადებს ნეტა.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ "ნეტას გულუბრყვილოდ არ სჯერა, რომ საქმე "ჩვეულებრივ სასამართლოს ეხება. იგი აღნიშნავს, რომ მიდის დიდი პოლიტიკური თამაში, სადაც სასწორზე ასობით მილიონი აშშ დოლარი დევს - თანხა რომელიც საქართველოს წლიური ბიუჯეტის 2,5 % შეადგენს. თუმცა დების გულდაწყვეტას იწვევს ის, რომ ქვეყანა რომელშიც მათმა მამამ 17 წელი იმუშავა ასე მოექცა მას".
"იგი იყო ინიციატორი მრავალი პროექტისა საქართველოში, პოულობდა ქვეყნისათვის ინვესტორებს, აწყობდა ებრაელების ექსკურსიებს, მართავდა დიდ პროექტს უძრავი ქონების სფეროში. მიმაჩნია, რომ ვერდიქტის გამოტანისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი შენატნი ქვეყნის განვითარების საქმეში", _ აცხადებს ირისი.