ოფიციალური თბილისი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სპეციალური დანიშნულების რაზმში რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიღებას "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციისკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ ქმედებად" აფასებს.
"სახეზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციისკენ მიმართული მორიგი პროვოკაციული ქმედება. არ კმაყოფილდება რა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. სამხედრო ბაზების და შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებით, ამჯერად, კრემლი თავის სამხედრო ყოფნას ზრდის ე.წ. „აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის" საფარქვეშ, ხოლო ამ დამატებითი ქვედანაყოფის მატერიალურ უზრუნველყოფასაც მოსკოვი ფედერალური ბიუჯეტიდან განახორციელებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის უწყების შეფასებით, კრემლის ნებისმიერი მცდელობა ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმური გახადოს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია მარცხისათვის არის განწირული და სრული დეოკუპაციის პროცესის დაწყება გარდაუვალია.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სპეციალური დანიშნულების რაზმში რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიღების თაობაზე საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.